27 ივლისი 2024,   03:54
ვრცლად
პრეზიდენტის მორიგი სიმბოლური ვეტო და მიზანი, რომელიც კანონის აკრძალვაზე მეტია - უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, მორიგ პროვოკაციად აღიქვამენ

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მისი მხრიდან მორიგ პროვოკაციად აღიქვამენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ვეტოს გამოყენებისთვის, არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ აქვს.

პრეზიდენტისთვის "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ცესკოს დაკომპლექტების პროცესი სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, სრულიად ფიქტიური გახდა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად იზიარებენ ოპოზიციაში და ზურაბიშვილის მსგავსად, მათთვისაც განსაკუთრებით მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება.

კოორდინირებული თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე - ასე აფასებენ მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ცესკოს დისკრედიტირებას და არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობს. "ქართულ ოცნებაში" აკონკრეტებენ, რომ რომ მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და ეროვნული ბანკის შემდეგ, რადიკალურმა ძალებმა ამჯერად მიზანში საარჩევნო ადმინისტრაციაც ერთობლივად ამოიღეს.

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება პოლიტიკური იარაღია ოპოზიციის ნაწილისთვის. თუმცა სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ არსებულ მოცემულობას ვერც ის ფაქტი შეცვლის, თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს

ზურაბიშვილის და ოპოზიციის მხრიდან ცესკოს დისკრედიტირების მცდელობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება. მმართველ გუნდში დღეს თქვეს, რომ დაგეგმილი საბოტაჟის მიუხედავად, საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს.

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიც დაეხმარება. ამერიკის ელჩმა ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია.

ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო. თუ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, მის ნაცვლად კანონპროექტს ხელს, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

 

დღის ამბები