ალექსეი ნავალნისთან ტოლობის ნიშანი ამჯერად, კლინიკა "ვივამედიდან" დაისვა. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და თქვა, რომ რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ, პუტინის ნომერ პირველი სამიზნე თავად არის.
ნავალნის სიკვდილის შემდეგ, სააკაშვილის საფრთხეზე საუბრობს ექსპრეზიდენტის დედაც. რუს ოპოზიციონერთან პარალელი დრეს გიული ალასანიამაც გაავლო და ევროპელ მხარდამჭერებს ციხიდან შვილის განთავისუფლების საკითხის გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნავალნისთან სააკაშვილის გაიგივება და მისი გათავისუფლების საკითხის გააქტიურება წინასწარ დაგეგმილი ლობისტური კამპანიის ნაწილია. მიზანი, მათი თქმით,ამჯერად სალომე ზურაბიშვილზე გავლენის მოხდენაა, ექსპრეზიდენტის შესაწყალებლად.
სააკაშვილის შეწყალების საფუძველს ვერც ოპოზიციის ნაწილი ხედავს. მეტიც, გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს. ასე არ მიიჩნევენ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ნავალნის სიკვდილის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტიც საფრთხეშია.
მმართველი გუნდისთვის მსჯავრდადებული სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა უსაფუძვლოა, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. დღეს "ქართულ ოცნებაში" ფრანგი ევროპარლამენტარის გავრცელებული წერილიც გაიხსენეს, სადაც ნატალი ლუაზო პარალელს სწორედ ნავალნისთან ავლებს და მსჯავრდადებული პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ფრანგი დიპლომატი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია.
პოლიტიკური განცხადება მიხელ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე გააკეთა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმის სამართლებრივი განხილვისთვის კი აღარ მოუსმენია.