"ხალხს არ უნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია დაბრუნდეს ქვეყანაში. ამიტომ, ბევრი ლაპარაკით იმაზე, ეს კაცი გამოვა თუ არ გამოვა, ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, რადგან მისი შეწყალება ნამდვილად იქნება დიდი პოლიტიკური კატასტროფა იმისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და პირველ რიგში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის,"- ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
მისივე შეფასებით,სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ეს დაეხმარება "რადიკალური ოპოზიციური ბანაკის გეგმებს".
"ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად დაეხმარება ეს რადიკალური ოპოზიციური ბანაკის გეგმებს. თუ ნახავენ კვლევებით, რომ მისი გათავისუფლება დაეხმარება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტრუქცია იქნება და აიძულებენ, დაავალებენ, შეიძლება იძულებაც აღარ სჭირდება უკვე და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მაგ შემთხვევაში მიიღებს. თუ მიიჩნევენ, რომ ჯობია მიხეილ სააკაშვილი იყოს იმ ლუქსში, ოროთახიან პალატაში, მაგ შემთხვევაში, შეიძლება ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.
უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რატომ გააქტიურდა ლაპარაკი სააკაშვილის შეწყალებაზე. გააქტიურდა ერთადერთი მიზეზით - იციან, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მისი დაბრუნება არათუ ხელისუფლებაში, პოლიტიკაშიც კი მიუღებელია იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე არის იდეოლოგია ძალადობის შესახებ, მედიის დამორჩილების შესახებ, ქონების ჩამორთმევის და გაკულაკების შესახებ, ადამიანების წამების შესახებ და ქვეყნის დესტაბილიზაციის შესახებ.
ხალხს არ უნდა, რომ ეს იდეოლოგია დაბრუნდეს ქვეყანაში. ამიტომ, ბევრი ლაპარაკით იმაზე, ეს კაცი გამოვა თუ არ გამოვა, ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, რადგან მისი შეწყალება ნამდვილად იქნება დიდი პოლიტიკური კატასტროფა იმისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და, პირველ რიგში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. იქ გარეთ ათქმევინეს, ახლა ხელმოწერებს აგროვებინებენ ხალხს და ამით, მაქსიმალურად უნდათ, რომ განზავება გააკეთონ ამ პასუხისმგებლობის და შესაძლო ზიანის, რადგან შეიძლება რაც მოაგროვეს 2-3-4%, ამ წვალებით, გაქცევებითა და გადაბანაკებებით, შეიძლება 2-ჯერ მეტი დაკარგონ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამას აზღვევენ, მიდის ზიანის შემცირების სამუშაოები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.