"შეიძლება ეს კაცი [დათუნაშვილი] მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ, უკაცრავად ჟარგონისთვის და ვერ "გააპრავებდა" ამ ყველაფერს და ამიტომ დატოვა,"-ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია "ლელო" თამაზ დათუნაშვილმა დატოვა, რადგან მასა და მამუკა ხაზარაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა.
"არ ვიცი კონკრეტულმა ადამიანმა როდის დატოვა [პარტია] მაგრამ 1000-ლარიან პენსიაზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ ["ლელომ"] რაღაც პუნქტები წარმოადგინეს, ერთი პუნქტი მეორეს პირდაპირ გამორიცხავდა. როდესაც რუსეთის სანქციაზე არის საუბარი, ეს თავისთავად ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის სერიოზულ უკანდახევას. ეკონომიკის უკანდახევის პირობებში პენსიის ზრდა უტოპია კი არ არის, ყველაზე თავხედური მესიჯია, რაც კი შეიძლება შეასაღო ამომრჩეველს და მოატყუო.
ერთი პუნქტი უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკა უკან წამოვიდეს და მეორე პუნქტი ჰპირდება, რომ 1000-ლარიანი პენსია იქნება. ამისი მხილება მოხდა არა მხოლოდ ჩვენ მიერ, ოპონენტებიც კი აიხლართნენ ამაში, ვერ უგულშემატკივრეს დაპირებას, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბუნებრივი იყო, ვიღაც ამხელდა. მერე შეასწორეს მესიჯი, ხუთწლიან გეგმად გაწერეს 1000-ლარიანი პენსია. შეიძლება ეს კაცი [დათუნაშვილი] მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ, უკაცრავად ჟარგონისთვის და ვერ "გააპრავებდა" ამ ყველაფერს და ამიტომ დატოვა პარტია,"-განაცხადა მდინარაძემ.