3 საათზე მეტია, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს აცნობს. სპიკერის მოხსენებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
პარლამენტში განცხადებებს უკვე პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლები აკეთებენ. მანამდე კი, შალვა პაპუაშვილს შეკითხვები ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუსვეს. ძირითადად, ეს ეხებოდა საპარლამენტო საქმიანობას, კონკრეტულ ინიციატივებს, პოლარიზაციას, როგორ აპირებენ პოლიტიკური მხარეები ერთობლივად მუშაობის გაგრძელებას 9 დათქმის შესასრულებლად. საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებაზეც.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა: - "რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ."
საპასუხოდ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თავად ოპოზიციას ვერ გაურკვევია, თუ რა არის მისი ფუნქცია პარლამენტში.
"65 პლენარული სხდომის 15%-ს რომ არ ესწრება ოპოზიცია, თუკი საქმე არ ეხება ერთ-ორ თქვენთვის საყვარელ თემას, იმ კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობას საერთოდ რომ არ იღებთ, აი, იქ არიან ადამიანები და იქ არ ხართ თქვენ, სადაც არიან ადამიანები. როცა ვსაუბრობთ.
მე მიკვირს ეს კითხვა, როგორც ჩანს, თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს. ეს მსახურება მარტო მიკროფონის ჩართვა-გამორთვა და მიკროფონში საუბარი არ არის. ეს არის ყოველდღიური, გვიანობამდე საქმიანობა. შეხედეთ კომიტეტის წევრებს უმრავლესობიდან, შეხედეთ აპარატების თანამშრომლებს კომიტეტებისა, თუ მთლიანად პარლამენტის, როგორ უწევთ მათ გვიანობამდე მუშაობა. ყველაზე დიდი კრიტიკული მომენტი, რაც ამ პარლამენტს აქვს, არის ის, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში სინამდვილეში არ არის პოლიტიკური ოპოზიცია.
გამოცდილი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ჯერ კიდევ ვერ მიგიგნიათ პარლამენტის როლისთვის და მოგიწოდებთ, რომ ამაზე დაფიქრდეთ," - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძეს.