მიხეილ სააკაშვილის თემაზე ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროკავშირის უმაღლეს პირებს მორიგი წერილით მიმართავს - ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის დატოვების და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის, ნაწილი კი ამ მოსაზრებას იზიარებს.
პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.
"ქართული ოცნება" ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს - მმართველ გუნდში მიაჩიათ, რომ მიზანი სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის გარდა, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაც არის.
"სალომე ზურაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც ძალიან კარგად ესმის სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს მისთვის პირადად, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ერთ რამეს ვიტყვი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ის მოიხდის სასჯელს იმ დანაშაულზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი.
რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი როგორ ხდება, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, ლობიზმით არის ყველაფერი შენიღბული, ფულს იხდიან და შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლა განცხადებების გაკეთება", - აცხადებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე.