16 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
დღეს ოპოზიციისგან ვერ მოვისმინე სიტყვები: ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი, დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია - შალვა პაპუაშვილი

6-საათიანი სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი მოხსენება შეაჯამა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების კრიტიკას მწვავე განცხადებებით უპასუხა და აღნიშნა, რომ საინტერესოა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში რა ექნება სათქმელი.

თუმცა, ამასთან, პაპუაშვილმა ოპონენტებს კონსტრუქციული ტონისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ მსგავსი სახის დისკუსია მისასალმებელია.

"დღეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? მე დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია.

მიხვდით ხომ ხალხს რა აინტერესებს. თემები, რომლებსაც ატრიალებდით სამი წელი, არ იყო ის საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, კარგია, რომ მიხვდით. საინტერესო იქნება, წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი.

ერთ საკითხს ვიტყვი კიდევ, რომელიც ერთ-ერთი თემა იყო ჩემს მოხსენებაში, გააუქმეთ ყალბი ენჯეოები, დახურეთ ის ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ყოფილი კოლონიის კომპლექსები უნდა მოიცილოთ, რომ გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი და დღეს მეორე დედაქალაქია თქვენთვის ცენტრი.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი დისკუსიისთვის, განსაკუთრებით კონსტრუქციული ტონისთვის, გავაგრძელოთ ასე. ვხედავთ, რომ შეგვიძლია ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი მშვიდად გამოვთქვათ, დავუპირისპიროთ ერთმანეთს არგუმენტები. ქართული დემოკრატიის ზეიმი სწორედ ასე გამოიყურება," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოხსენება 6 საათი გაგრძელდა. სხდომა სულ ცოტახნის წინ დასრულდა. შალვა პაპუაშვილის ანგარიშის განხილვა დისკუსიის და პოლიტიკური ურთიერთ ბრალდებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციისგან ისმოდა კრიტიკული კითხვები და შეფასებები - შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლა თავად სპიკერმა, მან ოპონენტების კრიტიკას ასევე მწვავე განცხადებებით უპასუხა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს კონკრეტული კანონპროექტების საჭიროებაზე, დასვეს კითხვები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით არასრულწლოვანების უფლებებზე.

დღის ამბები