ბოლო სამ დღეში 2 მოწოდება- ფრანგი ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკვე მეორედ მოითხოვს, ამჯერად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ნატალი ლუაზო, რომელმაც ევროკავშირის უმაღლეს პირებს სააკაშვილის საქმეზე წერილობითაც მიმართა, ახლა ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.
ლუაზო სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს დიდი ხანია ლობირებს, სწორედ ის არის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორიც. ევროპაში ფრანგი დიპლომატი, საქართველოში კი "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურობს. პარტია ექს-პრეზიდენტის შეწყალებას სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ახალი ტალღის მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წინასწარ შეთანხმებული დეზინფორმაციული კამპანია, სალომე ზურაბიშვილს, მსჯავრდებული პრეზიდენტის შეწყალებისთვის საფუძველს უმზადებს.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობას ვერ ხედავს "ლელო." ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებში" და გიორგი გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს.
სააკაშვილს წარსულში ჩადენილ დანაშაულებს ახსენებს მმართველი პარტია, სადაც ფიქრობენ, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნის მორალური უფლება არავის აქვს, "ქართულ ოცნებიდან" დღეს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებსაც მოუწოდეს - საქართველოს საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევიან.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ახალი კამპანია "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ამ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მისამართით ქვეყნის გარედანაც გაისმა.