27 ივლისი 2024,   03:38
ვრცლად
ოპოზიციის გეგმა - სახელისუფლებო გუნდი მამუკა ხაზარაძის "ცეცხლსა და მახვილს" მორიგი რევოლუციური სცენარის დაანონსებაას უწოდებს

მამუკა ხაზარაძის "ცეცხლს და მახვილს" მორიგი რევოლუციური სცენარის დაანონსებაას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ "ლელოს" ლიდერს ოპოზიციის გეგმა წამოსცდა და ფაქტობრივად აღიარა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ისინი არეულობისთვის ემზადებიან. 

თავად მამუკა ხაზარაძეს დღეს საკუთარ განცხადებაზე განმარტებები არ გაუკეთებია. მის პარტიაში კი თქვეს, რომ მათი ლიდერი არა რევოლუციაზე, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ფორმებსა და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობდა.

საკუთარი განცხადების განმარტება მოუწია დღეს თემურ ჯანაშიასაც, რომელმაც ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ სააკაშვილს პოლიტიკურ წინა-რევოლუციურ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დღეს სიტყვა რევოლუციას აღარ ახსენებს და ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივ დემოკრატიულ პროცესს გულისხმობდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში" ფიქრობენ, რომ თემურ ჯანაშიამ სიტყვის არასწორი ფორმულირება გამოიყენა, ამტკიცებენ, რომ მათ საერთო გეგმებში ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილება არ შედის. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი კოლეგებს ურჩევენ მსგავსი რიტორიკისგან თავი შეიკავონ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მათ დამარცხებას დემოკრატიული გზით ვერ შეძლებს, რაც ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან. სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდის აზრით, ოპოზიცია მეორე - არეულობის და გადატრიალების გეგმაზე მუშაობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი ძალა ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე საუბრობს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის მუხლით გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიებაც დაიწყო.

 

 

 

 

დღის ამბები