გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავს ეხმაურება.
როგორც გუტიერეში აღნიშნავს, უკრაინის ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის გულში.
"ორი წლის შემდეგ - და ათწლეულის შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობა მოხდა - უკრაინის ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის გულში. ქარტიის უგულებელყოფა იყო პრობლემა. მისი პატივისცემა არის გამოსავალი. ეს ნიშნავს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დროა, ხელახლა მივიღოთ ქარტია და აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს არის გზა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ - უკრაინასა და მთელ მსოფლიოში," - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშიმ.