16 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
აშშ დემოკრატიის ნაწილშიც ეხმარება საქართველოს და საქართველოს გაცხადებული კონსტიტუციური კურსი დემოკრატიულად განვითარებაა, რაც ჩინეთისგან შორს არის - თეონა აქუბარდია

საქართველოს გზავნილები სტრატეგიულ პარტნიორებს - ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარება დაანონსებულია. ქვეყნის საგარეო კურსი რომ უცვლელია, ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლების მაქსიმალური სურვილია.

აღნიშნულ საკითხს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კარგია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანას დემოკრატიის ნაწილშიც ეხმარება, შესაბამისად, ჩინეთისა და აშშ-ის ერთ სიბრტყეზე დაყენება შესაძლოა, ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლას მიანიშნებდეს.

"ამერიკა დემოკრატიის ნაწილშიც საქართველოს ეხმარება და საქართველოს გაცხადებული კონსტიტუციური კურსი არის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთისგან შორს არის. ტერიტორიული მთლიანობის ნაწილი, სადაც კანონი აქვს ამერიკას მიღებული და ჩინეთთან მიმართებაში ჩანაწერიც კი არ არის, ჩინეთი ნამდვილად არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, თუ საქართველოს კვლავ უნდა და კონსტიტუციაში ასე გვიწერია, რომ უნდა განვვითარდეთ დემოკრატიულად, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ერთ სიბრტყეში ჩინეთისა და ამერიკის დაყენება არის, კიდევ ერთხელ, ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ შესაძლოა, საგარეო ვექტორის ცვლასთან გვქონდეს საქმე," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით კი, ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

"ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის გაუარესებული და ეს არის სწორედ ბატონი კობახიძისა და მისი კოლეგების პირდაპირ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მაგალითისთვის, როდესაც შენ რუსეთთან სანქციებს არ შეუერთდები, როდესაც ჩინეთთან დადებ ბუნდოვანების და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის შემცველ სტრატეგიულ შეთანხმებას. არის ობიექტური წინააღმდეგობები, ღირებულებითი და პოლიტიკურ/სტრატეგიული თვალსაზრისით, რომელსაც ვერავინ ვერ გადაახტება. უნდა აირჩიო ან ერთი კლუბი, ან მეორე კლუბი. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც 2 კლუბის წევრი ვერ იქნები," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები