16 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ე.წ. ვეტინგის სისტემა - როგორ აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება. განხილვის ერთ-ერთი ასეთი საკითხი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა იყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის ერთადერთ გზად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა დაასახელა. პარტიის ინიციატივით, მოსამართლეთა საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეაფასოს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"ვეტინგის სისტემის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დღეს საზოგადოებას არ აქვს სასამართლოს მიმართ ნდობა. ვენტინგის სისტემა აპრობირებული სისტემაა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის შეფასების, ანტიკორუფციული კუთხით, პროფესიული კუთხით. რაც მთავარია ეს შეფასება უნდა გააკეთოს არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან არასამთავრობო ორგანიზაციამ, არამედ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ეს პრაქტიკა მოიცავს ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

სისტემას მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" ინიციატივას არ ეთანხმება. 

"ამას არ ვეთანხმებით და ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ზოგადად, მსგავს სულელურ იდეებზე ფიქრს თავი დაანებონ. მხოლოდ ერთ სისტემაზე - ე.წ. ვეტინგზე ლაპარაკობენ, რომელიც სახელმწიფო სასამართლოში ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, ამ სისტემას მაინც არ ეშველება და მთელი ოპოზიცია ზრუნავს სისტემაზე, რომელსაც არ ეშველება. ფიქრობენ, რომ თვითონ თუ დანიშნავენ მოსამართლეებს, უკეთესი სისტემა გამოვა. მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში პოლიტიკოსები არ ინდობა მოსამართლეების დანიშვნებზე,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები