16 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
აშშ და ჩინეთი - საქართველოს მხრიდან მოკავშირეებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება დაანონსებულია

საქართველოს მხრიდან შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება დაანონსებულია.

ხელისუფლების სურვილი და გაცხადებული გზავნილი, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ოპოზიციისთვის კითხვებს აჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ჩინეთსა და აშშ-ს ერთნაირი პრიორიტეტები არ უნდა მიენიჭოს, რადგან ქვეყნებს შორის პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობაა.

მმართველი გუნდი ოპონენტებს საკითხით სპეკულირებაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება მეორესთან თანამშრომლობის გაუარესებას არ ნიშნავს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ, კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამო, საჭიროა თანამშრომლობა ჩინეთთანაც და ამერიკასთანაც, რომელსაც ხელისუფლება ურთიერთობის მეტად გაღრმავებას სთხოვს.

შუა დერეფნის როლი ოპოზიციასაც ესმის, თუმცა ჩინეთთან მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პოლიტიკურ სარგებელს საქართველო მხოლოდ აშშ-თან პარტნიორობით მიიღებს.

რატომ არ აქვს საქართველოს ამ დრომდე ამერიკასთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, უმაღლესი დონის ვიზიტები წლების განმავლობაში? - ამ საკითხით სახელისუფლებო გუნდიც ინტერესდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თანამშრომლობა ორმხრივია და საქართველოსთან ურთიერთობის მეტად განვითარებისთვის ამერიკაც უნდა გააქტიურდეს.

საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია - ხელისუფლების სურვილია, ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება - ეს პრემიერ-მინისტრის პოზიციაა. ამერიკა-საქართველოს შორის ინტენსიური სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს ჯერ კიდევ გუშინ ესაუბრა, როდესაც რობინ დანიგანი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. პრემიერ-მინისტრი, მანამდე, შეხვდა ჩინეთის ელჩს. საუბარი მჭიდრო ურთიერთობებს შეეხო, რაც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გასულ წელს გაღრმავდა.

დღის ამბები