მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უკრაინის მოქალაქის სტატუსით მონაწილეობს, საქართველოს მოქალაქეობა კი არ სურს. ქართული კანონმდებლობა კი, ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მონაწილეობას უკრძალავს. ერთ დროს საქართველოს ყოფილმა მთავარსარდალმა, საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი სურვილით დათმო, თუმცა ამას არასდროს აღიარებს და ამბობს, რომ წაართვეს.
"ნაციონალური მოძრაობაში" დღეს უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ არ სურს ქვეყნის ყოფილ მთავარსარდალს საქართველოს მოქალაქეობა, მეტიც, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი კვლავ საქართველოს მოაქალაქეა.
ყოფილ სახელისუფლებო გუნდს მმართველი ძალა წარსულს და 8 წლის წინ უკრაინაში თანამდებობის გამო დათმობილ მოქალაქეობას ახსენებს. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედს, შეწყალების ნაცვლად ჯერ მოქალქოება უნდა სთხოვოს.
2015 წელს საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი სურვილით დათმო. 2021 წელს კი ქართული ენაც დაივიწყა. იმ ქვეყნის ენა, რომლის მთავარსარდალიც იყო და რომელშიც წლების შემდეგ უკანონოდ შემოვიდა. უკრაინის მოქალაქის რეალური ზრახვები ქართულ პოლიტიკაში, მალევე გაშიფრეს, თავადაც ბევრი სურვილი გამოთქვა, თუმცა წლების წინ უარყოფილის დაბრუნება არასდროს უთხოვია. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის სურვილი არც ოფიციალურად და არც სიტყვიერად გამოუთქვამს. მეტიც, ყველგან და ყოველთვის ამტკიცებს, რომ მისი გული უკრაინას ეკუთვნის.
უკრაინულ ენაზე და უკრაინელობაზე საუბარი, სასამართლო დარბაზს ბევრჯერ ახსოვს, ახსოვს მოსამართლის მითითებაც და სააკაშვილის უარიც.
საბრალდებო სკამზე მჯდომმა ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზი, ქართული პოლიტიკური მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა, თუმცა თან ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უკრაინას წარმოადგენდა.
2 წელსა და 4 თვეში საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული ფერისცვალება ბევრჯერ ნახა - ჯერ გამარჯვების პირობას დებდა, შემდეგ ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კარიერის ისევ უკრაინაში გაგრძელების.
როგორ გაეყვანათ პატიმარი პაციენტი იმ ქვეყნიდან კანონიერად, რომელშიც უკანონოდ შემოვიდა?! ძიებაში სააკაშვილის გარემოცვის გზა სტრასბურგამდეც მივიდა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, პაციენტობაზე უარი უთხრა. 600 დღიანი შიმშილობის კამპანია დაასრულა, გამოგონილი დაავადებებიც დაამარცხა. გეგმა ისევ შეიცვალა და პოზიციაც - ქართული პოლიტიკისგან დისტანცირება პოლიტიკის ცენტრში ყოფნით ჩაანაცვლა, თუმცა როგორ ჩაერთვებოდა უკრაინის მოქალაქე თანაც პატიმარი ქართულ პროცესებში? მაშინ გიული ალასანიამ განმარტა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას არასდროს დათმობს.
ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილმა ჯერ ქუჩის აქციები დააანონსა, მისმა პარტიამ ხალხი გარეთ დაპატიჟა, თუმცა მრავალ ათკაციანმა შეკრებებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს კი ისევ სასამართლო სხდომიდან პატიმარმა პაციენტმა თქვა, რომ კამპანიაში ერთვება. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რჩება უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ.
თავად უკრაინის მოქალაქედ რჩება, თუმცა მის პარტიაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა.
რატომ არ სურს სააკაშვილს მოქალაქეობის დაბრუნება? ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკითხი არც რეალურია და არც მნიშვნელოვანი.
ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაივიწყა, ახსოვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ახსენებს, რომ მათმა ლიდერმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში, თანამდებობაზე საკუთარი ნებით გაცვალა. მიუთითეს კანონმდებლობაზეც, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქე თანაც პატიმარი, ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება.
მიხეილ სააკაშვილს რჩევას აძლევენ ოპოზიციონერი კოლეგებიც. "გირჩში" სჯერათ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, თუმცა ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედს შეწყალების ნაცვლად, ჯერ მოქალაქეობა უნდა სთხოვოს, პოლიტიკურ პროცესებში კი ამის შემდეგ ჩაერთოს.
სააკაშვილის ნაბიჯები არასერიოზულია "მოქალაქეებისთვისაც". ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრეზიდენტის ქცევის უკან, მხოლოდ თავისუფლების სურვილს ხედავს, თანაც ყველაფრის ფასად.
მიხეილ სააკაშვილის რეალური მიზნები მმართველი გუნდისთვის გაშიფრულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში უკანონოდ დესტაბილიზაციის მინით შემოიპარა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი 2015 წელს თქვა, სანაცვლოდ ჯერ სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა, შემდეგ კი მის ბიოგრაფიას უკრაინული თანამდებობაც შემატა. თუმცა 8 წლის განმავლობაში, მას ნებით დათმობილის დაბრუნება არასდროს უცდია.
ავტორი: იზი ბურნაძე