ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს არავის გამოუვა! ამ ბრძოლას ჩვენ, ჩვენი ფასეულობებით მოვიგებთ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით მორალური ნაწილი სავსებით განსხვავებული გვაქვს და ფასეულობათა ბრძოლის ფონზე, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქართული ზნეობის მოთხოვნებთან.
„დაარსების დღიდან დღემდე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის.
ჩვენ ხალხთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე როგორც პირველადზე და დაუფარავად ვამხელთ ქართულ პოლიტიკაში და მის გარეთ არსებულ არაჯანსაღ ძალებს.
ჩვენ მიერ გავრცელებული საჯარო წერილები საზოგადოებაში დიდ ნდობასა და ინტერესს იწვევს, რადგან, ყველა საკითხი რომელიც "ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოდის ფაქტებით დასტურდება.
დღევანდელი წერილიც საჭიროებაზე მორგებული გულახდილობის მაგალითია და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ამერიკასთან პარტნიორობასა და მძიმე თემას, იქ არსებულ ზღვარგადასულ ლიბერალიზმს ეხება.
ფაქტებით დასტურდება, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული.
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა "დედა" და "მამა", "ვაჟიშვილი" და "ქალიშვილი", "ცოლი" და "ქმარი". ბრძანებაში ნათქვამია, რომ "გენდერი" სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ “გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.
სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. დედის რძე ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი "მკერდით კვება” "ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.
ამ მოვლენებს ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული ე.წ. პრაიდი, სადაც პირველად ისტორიაში 10 წლამდე ბავშვებს ხელში პრაიდის დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს.
ფერადი ტერორი, ანუ ცისარტყელას ფერებში შეფუთული, ლგბტ ტერორიზმი ლოკალურ საზღვრებს გასცდა და კაცობრიობა შიზოფრენიის ახალ ერაში გადადის.
პირდაპირი დაკვეთაა კაცობრიობა ტრადიციული ოჯახიდან, იქცეს მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე;
ამერიკის უსაფრთხოებას 15500 ტრანსგენდერი ჯარისკაცი იცავს. ამერიკას უკვე ჰყავს გაფერადებული დასავლური არმია;
ახალდაბადებულ ჩვილებს, აწი დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზრდიან;
ამერიკაში მშობლებს აქვთ შესაძლებლობა ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ ანუ ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება.
ეს გაუგონარი პროცესები, რომლებიც ფაქტია ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ.
ფაქტია, მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება!
ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ რაც ცივილურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა.
ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა.
და ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ახალი თაობა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით.
ლიბერალების თავდასხმითი “თავდაცვა” გაუმართლებელია.
ჩვენ არ უნდა მივიღოთ ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდა, არ შეიძლება ისინი გახდნენ მისაბაძნი მომავალი თაობებისთვის!
საზოგადოების უმრავლესობისათვის პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით მოგვიყვანეს. ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც ზღვარგადასული თავისუფლება.
ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.
ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული.
საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს არავის გამოუვა! ამ ბრძოლას ჩვენ, ჩვენი ფასეულობებით მოვიგებთ.
ფასეულობათა ბრძოლის ფონზე, ჩვენ ჩვენი ტრადიცია კულტურით და მეორე მხარეს ძალა, უზნეობის ნორმად ქცევის დღის წესრიგით, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქართული ზნეობის მოთხოვნებთან, სტანდარტთან.
არის კი ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?
ფაქტია მორალური ნაწილი სავსებით განსხვავებული გვაქვს, ახლა შეფასება გავაკეთოთ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით.
ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებთ სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის ე.წ. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქტიური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.
ფაქტები მწარეა, მაგრამ ნამდვილია!
საზოგადოება ბრძენია და თავად განსაზღვრავს ჩვენ მიერ დასმული კითხვის საჭიროებისა და ნამდვილობის სიმძაფრეს.
"ხალხის ძალა", როგორც ეროვნული და სანდო ძალა, ამ მძიმე აღიარებით, ბრძოლის ველზე ისევ პირველია, თქვენს სამსახურშია, თქვენთვისაა და ქართულად საბრძოლს თქვენთან ერთად იბრძოლებს.
საზოგადოების სათანადო ინფორმირება უკვე იარაღია და იმედია, ამ ყველაფერს, მაღალი მორალური თუ პოლიტიკური შეგნებით, სწორად გამოვიყენებთ“,- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.