პოლიტიკური შეფასებების თემაა "ხალხის ძალის" ახალი განცხადება - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკული ინტერესების საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან პრინციპულ აცდენაზე საუბრობს და მაგალითები მოჰყავს. მათ შორის - ენტონი ბლინკენის ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ "გენდერი" სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს.
მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.
"ჩვენთვის - ქართველებისთვის, დედა - დედა იქნება და მამა - მამა იქნება, მანდ კითხვა არ შეიძლება არსებობდეს. შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. "ხალხის ძალა" ამას რატომ აკეთებს, ეს ცალკე საკითხია, მათი ამოცანა იყო და არის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორები უბრალოდ ლანძღოს და ბევრი პროპაგანდისტული ტყუილი თუ მესიჯი გაავრცელოს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი იაგო ხვიჩია განაცხადა, რომ ბლინკენმა, გაკეთებული განცხადებით, არა ქართველებს, არამედ თავის თანამშრომლებს მოუწოდა.
"ბატონმა ბლინკენმა, მე მგონი, ქართველებს კი არ მოუწოდა ეს, თავის თანამშრომლებს მოუწოდა და ჩვენი თანამემამულე თუ არის ბლინკენის თანამშრომელი, მე მგონი, ამით ქართველებს არ გვემუქრება გარკვეული ტიპის საფრთხე. ძალიან გული მწყდება ზოგადად, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აძლევს საფუძველს "ხალხის ძალას" თუ სხვა ანტიამერიკულ ძალებს საქართველოში, რომ ამერიკულ იდეალს, რომელიც სულ სხვა რამ არის - საკუთრების უფლების დაცვა, თავისუფალი სასამართლო, გამოხატვის თავისუფლება, რაღაც თვალსაზრისით ჩირქი მოსცხოს, ეს მგონია მთავარი პრობლემა და სწორედ ამიტომ ვარ ამ ადმინისტრაციის კრიტიკოსი. რასაკვირველია, დედა - დედაა, მამა - მამაა, ბიჭი - ბიჭია, გოგო - გოგოა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.