გარედან ვერავინ ჩაერთვება ქვეყნის მართვაში ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს მართვაში, ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოს უცხოელების მიერ დაკომპლექტებას ითხოვენ იმიტომ, რომ სასამართლოს მართვის ბერკეტი თვითონ მოიპოვონ.
„ერთი რამ ვერ გაიგეს - ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ხელისუფლების ნებისმიერ შტოსთან დაკავშირებით, რომ არათუ ოფიციალურ, ფორმალურ დონეზე, არაფორმალურ დონეზეც კი არ ვაპირებთ ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არცერთი შტოს მართვაში. ჩვენ ხომ ვამბობდით და ვამბობთ, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ, ხელისუფლების ნებისმიერი შტოს შესახებ მიიღება საქართველოში და ყველა უნდა შეეგუოს ამას. არა მხოლოდ სასამართლოში, ეს ყველგან ასე იქნება. მათ უნდათ ახლა, რომ გარედან მართონ პროცესი სასამართლოში და აქედან გამომდინარე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.