საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას და დარჩენას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ - გადაწყვეტილება მიღებულია. სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, პეკინის გადაწყვეტილება, ორმხრივი თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსია.
გრძელვადიანი პარტნიორობისთვის მზადაა ჩინეთიც. საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პეკინისთვის რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს პრაქტიკულ გადაწყვეტილებაშიც აისახა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის მოქალაქეებისთვის, საქართველომ უვიზო რეჟიმი აამოქმედა, პეკინმა კი პარტნიორულ ნაბიჯს, კონკრეტული გადაწყვეტილებით ზუსტად 5 თვეში უპასუხა. საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ რამდენიმე დღეში, ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან.
საქართველომ და ჩინეთმა, გრძელვადიანი პარტნიორობისთვის მზადყოფნა გასული წლის ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს გამოთქვეს. ერთობლივ დოკუმენტში წერია, რომ პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთა შორის კულტურულ და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგია უვიზო მიმოსვლაც, რომლის ამოქმედების შემდეგაც, მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვდება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ბარიერის მოხსნას დადებითად აფასებს ოპოზიცია. ფიქრობენ, რომ უვიზო მიმოსვლა, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
ისტორიული მოვლენა უწოდეს პეკინის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩინეთმა უვიზო რეჟიმის შემოღებით ქართველი ხალხისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ მათი დამოკიდებულება უჩვენა.
პეკინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას, ტურისტული და ბიზნეს მიზნებით შეძლებენ. პირველი მგზავრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რამდენიმე დღეში, ტექნიკურ პროცედურების დასრულების შემდეგ გაემგზავრება.