16 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"ხალხის ძალა" მორიგ წერილში კვლავ აშშ-ს საყვედურობს, ამჯერად მიზეზი ადამიანის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაა - როგორ აფასებენ წერილში დასმულ საკითხებს პოლიტიკურ სპექტრში

"ხალხის ძალა" მორიგ წერილს აქვეყნებს. გურამ მაჭარაშვილი აქცენტს ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდით საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის საფრთხეზე აკეთებს. გურამ მაჭარაშვილის აზრით, ადამიანის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა სათავეს ამერიკაში იღებს და ევროპაში გრძელდება. 

"ხალხის ძალის" აღშფოთება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბრძანებამ გამოიწვია, რომლითაც ის თანამშრომლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სიტყვების: დედა, მამა, ქმარი, ცოლი, ქალიშვილი ან ვაჟიშვილის გამოყენებისგან:

"ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს" - ასეთია ენტონი ბლინკენის განმარტება, რაც ხალხის ძალისთვის ვაშინგტონის ახალი დირექტივების საწინდარია.

"ხალხის ძალის" წერილის ავტორები ოპონენტებისგან დღეს მთავარ კითხვაზე ელოდნენ პასუხს - ემხრობიან თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები ენტონი ბლინკენის ბრძანების შინაარს და რამდენად არის მათთვის სიტყვა "დედის" და "მამის" - გენდერული ენის შესაბამისი ტერმინით ჩანაცვლება მისაღები. პარტიების ნაწილი ღიად ამბობს, რომ მათთვის მსგავს საკითხზე კითხვები არ არსებობს, ოპოზიციის ნაწილმა კი კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

"ხალხის ძალის" ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ თემები, რომლის პროპაგანდასაც სხვა ქვეყნებში ეწევიან, გარკვეულმა პირებმა საქართველოშიც გააქტიურონ.

"ხალხის ძალის" წერილი, მათივე შეფასებით, მხოლოდ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას არ ეხება. განცხადებაში საუბარია ამერიკასთან და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც. წერილის ავტორები შტატებისგან უფრო ღრმა ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას ითხოვენ. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების აზრით, ამერიკული გაგებით პარტნიორობა - ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ თემის პროპაგანდის გაღვივებაა.

სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას "ხალხის ძალა" საზოგადოების ინფორმირებულობაში ხედავს, სწორედ ამიტომ მორიგ წერილებს სამომავლოდაც აანონსებენ.

დღის ამბები