12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია".
მმართველი გუნდის შეფასებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად არიან მხილებული არაერთ სიყალბეში. საპარლამენტო უმრავლესობა "სამართლიანი არჩევნების" მიერ 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბებას იხსენებს. ასევე საუბრობს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტ "ფაქტჩეკზე", რომელიც მათი თქმით, ორი წლის განმავლობაში არ იმჩნევდა, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას მიერ სანქციების თემაზე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სრული დეზინფორმაცია იყო.
"ხალხის ძალის" ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ის გეგმა ჭირდება, რომელიც ევროკომისიას მოეწონება და არა ქართული არასამთავროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც, მისი შეფასებით, ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან.
"საქართველოს არასამთავრობო სექტორს არ აქვს სანდოობა. საზოგადოების მხრიდან არც ლეგიტიმაცია გააჩნიათ და არც პოზიტიური წარსული აქვთ. ჩვენ ისინი ვამხილეთ არჩევნების გაყალბებაში, უცხოური დაფინანსების აღებაში - ვითომ გამჭვირვალე არიან, სინამდვილეში, ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია არის. არასამთავრობო სექტორის მხრიდან ე.წ. გეგმის შედგენა, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. ჩვენ გვჭირდება ის გეგმა და ნაბიჯები, რომელიც მოეწონება ევროკომისიას და არა საქართველოს იმ NGO-ებს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.