12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია".
მმართველი გუნდის შეფასებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად არიან მხილებული არაერთ სიყალბეში. საპარლამენტო უმრავლესობა "სამართლიანი არჩევნების" მიერ 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბებას იხსენებს. ასევე საუბრობს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტ „ფაქტჩეკზე“, რომელიც მათი თქმით, ორი წლის განმავლობაში არ იმჩნევდა, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას მიერ სანქციების თემაზე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სრული დეზინფორმაცია იყო.
”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) გამგეობის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორს მტრად აღიქვამს.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლებას მიზანი აქვს, რომ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს არის ახლო მხედველური და არასწორი დამოკიდებულება. ისინი მტერს ხედავენ არასამთავრობო სექტორში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" დანაშაული აღიარა და მაღალი პასუხისმგებლობის პირმა, შემთხვევის გამო, თანამდებობა დატოვა, ხოლო ორგანიზაციის მიმართ ნდობა უცვლელი დარჩა.
"მოხდა შეცდომა. მთავარია როგორ მოხდება შეცდომაზე რეაგირება. ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირმა დატოვა თანამდებობა, სწორედ ამის შემდეგ მოვედი მე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა მოხდა. ამის შემდეგ 2020-2021 წელს იგივე მეთოდოლოგიით ჩავატარეთ ხმების პარალელური დათვლა და ცესკო ჩვენს შედეგებს ადარებდა თავის შედეგებს. ISFED-ის მიმართ ნდობა იგივეა, არ შერყეულა. იყო შეცდომა, შეცდომა აღიარებულ იქნა და ამას მოყვა შესაბამისი რეაგირება. ვისურვებდი, ყველა მხარემ, მათ შორის, ხელისუფლება შეცდომებზე ისევე რეაგირებდეს, როგორც სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ნინო დოლიძემ.