საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა გრანდის 2023 წლის ბოლოს "ლტოლვილთა მეორე გლობალური ფორუმის" წარმატებით ჩატარება მიულოცა და უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას საქართველოში მიესალმა.
დარჩიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების საკითხს.
"მინისტრმა აღნიშნა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებთან მიმართებით.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
მინისტრმა დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრის დღის წესრიგში საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა შესახებ საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პროგრამების თაობაზე", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.