"დახმარება ძალიან დავაგვიანეთ" - ამბობენ თეთრ სახლში, სადაც ბაიდენმა კონგრესი ისევ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება.
უკრაინის სამხედრო დახმარების სასწრაფოდ გაგრძელების აუცილებლობაზე ამერიკის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ქვედა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის განმარტებით კი, შეერთებულმა შტატებმა, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებზე უნდა იზრუნოს. ამავე დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას დასავლური სახმელეთო ჯარების უკრაინის ომში შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. მეთიუ მილერის თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინის ომში არ გზავნიან. დასავლური ჯარების უკრაინაში სამომავლოდ გაგზავნა ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, თუმცა დაამატა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი ჯერ არ არსებობს.