16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში" - მარიამ ქვრივიშვილი "ეარ ჯორჯიას" განცხადებაზე

"ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში", - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიას აქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მთავრობა უშლის.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გიორგი კოდუას მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ყალბი, მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება. მისი თქმით, „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან შპს „აირ ჯორჯიას“ ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - Airbus 330-343 ტიპის საჰაერო ხომალდი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.

"კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შპს „აირ ჯორჯიას“ კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების 2022 წლის ივლისში მინიჭებული უფლებამოსილებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი 6 თვიანი ბიზნესგეგმის მიუხედავად, არ შეუსრულებია არც ერთი რეისი.

კერძოდ, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გიორგი კოდუას კომპანიას არ დაუწყია სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმით მითითებული მიმართულებებით (თბილისი - ბანგკოკი - თბილისი; თბილისი - ერევანი - თბილისი; ერევანი - ბანგკოკი - ერევანი; ერევანი - ტორონტო - ერევანი; თბილისი - ტორონტო - თბილისი; თბილისი - შარმ-ელ-შეიჰი - თბილისი; ასევე, დამატებით ათი სატვირთო რეისი ჩენდუ - მაასტრიხტის მიმართულებით სველი იჯარით აყვანილი ბორტით - სულ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით - 32 რეისი) ოპერირება.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ „აირ ჯორჯიასთვის“ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი განხილვის პროცესი, რაც განპირობებული იყო ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების არაერთი შეუსაბამობით მოქმედ კანონმდებლობასთან“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი კოდუა 1996-2022 წლებში იყო არაერთი ავიაკომპანიის მფლობელი თუ თანამფლობელი (გაკო კავკასია; ეარ ბისეკი; ნაციონალური ავიახაზები, სქაი ჯორჯია, ეარ კავკაზუსი, ეარ ჯორჯია, აირ ჯორჯია) და ავიაკომპანიების საქმიანობის შეჩერების მიზეზი იყო სამოქალაქო ავიაციის სფეროში დადგენილი ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელოვანი დარღვევა ან ვალდებულებების შეუსრულებლობა.

Bpn.ge-ს კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"ეკონომიკის სამინისტრო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მოხდეს ამერიკული ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოში ფრენების ოპერირებაზე. ტრანზიტული გზით აშშ-სა და საქართველოს შორის 75 000-მა მგზავრმა იმგზავრა და შესაბამისად, ვხედავთ, რომ მგზავრთნაკადი არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან იყოს მზაობა და გამოხატული ინტერესი ორ ქვეყანას შორის ფრენების განხორციელებაზე. ამას ექნება ძალიან დიდი სტიმული ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ამას ასევე ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ორივე ქვეყნის ჩართულობითა და მონდომებით შევძლებთ, დადებითად გადაწყდეს ამერიკული ავიაკომპანიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

დღის ამბები