პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აშშ-ის ელჩის პოზიციების და ხედვების მოსმენა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით.
"ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენიმე დღის წინ, ელჩთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აგრეთვე, ხაზგასმული იქნა ისიც, რომ ამ თანამშრომლობას სჭირდება ახალი იმპულსი, შემდგომი გაღრმავება და ახალ საფეხურზე აყვანა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარლამენტი უსმენს. ამ წუთებში რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.