16 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოსმენა დასრულდა - რა თემებზე გაამახვილა ყურადღება რობინ დანიგანმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე

პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოსმენა დასრულდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე დეპუტატებმა ჯერ რობინ დანიგანის მოხსენება მოისმინეს, შემდეგ კი დიპლომატს კითხვები დაუსვეს.

კითხვების ნაწილი მედიისთვის დახურული იყო, თუმცა კანონმდებლების განცხადებით, მათ აინტერესებდათ შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერასთან, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ამერიკასთან უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირ ავიაფრენებთან დაკავშირებული თემები.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ელჩის მხრიდან ხაზგასმული იყო ის პრიორიტეტები, რაც მათი მხრიდან არსებობს. 

"ელჩის მხრიდან ხაზგასმული იყო ის პრიორიტეტები, რაც მათი მხრიდან არსებობს და ეს არის პრიორიტეტები, რაც აქვს ქართველ ხალხს. ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ხელშეწყობა, ეს არის დემოკრატიული რეფორმები და ეს არის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ცხადია, ჩემი შეკითხვები შეეხებოდა მოახლოებულ არჩევნებს, კონკრეტულად არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაზრდაზე," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრმა, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. 

"მზაობა იქედან არის ყველაფრისთვის, მათ შორის სავიზო მიმართულებით იყო საუბარი, იყო საუბარი პირდაპირ ფრენებზე, დიდი კომპანიების შემოყვანაზე საქართველოში. მაგრამ, თუ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამას არ აკეთებს და ხელს არ ანძრევს ამ მიმართულებით, ჩვენ წინ ვერ წავალთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები