საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, დავით კაჭარავა საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა კითხვები დაუსვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. როგორც დავით კაჭარავა ამბობს, დაინტერესდა, რას ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც შეერთებული შტატებიდან ფინანსდებიან და ისინი პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ ოპოზიციასთან.
"დავუსი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ენჯეოებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდებიან და ეს ენჯეოები პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ ოპოზიციასთან. ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ეს ჯგუფი მოითხოვდა მთავრობის ჩამოშლას.
თუ იგივე პროცესები განვითარდებოდა მათ ქვეყანაში, რა რეაქცია ექნებოდა ამასთან დაკავშირებით. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიულ პროცესებს ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ. მინდოდა მეკითხა, მაშინ რისთვის სჭირდებათ ის კანონი, ე.წ. ფარა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ რის უფლებები აქვთ გარედან შემოსული თანხებით არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხისტი კანონმდებლობაა ამასთან დაკავშირებით და მათ შეუძლიათ როგორც დახურონ, ისე შეუჩერონ დაფინანსება," - აცხადებს დავით კაჭარავა.