"გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმმა გამოიწვია,"-ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, სადაც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის "მამა", "დედა", "ქალიშვილი", "ვაჟი", "ცოლი", "ქმარი".
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს მემორანდუმი ეხმარება უწყების თანამშრომლებს, რომელთაც სურთ, იყვნენ უფრო მეტად ინკლუზიურები სამუშაო ადგილზე.
"აღვნიშნავ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან. ეს ის არ არის, რასაც საქართველოში გამოვაქვეყნებთ. რაც შეეხება ენას, ქართულ ენას ასევე არ აქვს გენდერული სხვაობა ნაცვალსახელში, რაც ვფიქრობ, საინტერესოა. მე ამაყი დედა, ცოლი, და ვარ ჩემი შვილებისა და მშობლებისთვის. ვფიქრობ, ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ, ვისარგებლოთ ენით, რომელიც პატივს სცემს სხვებს,"-განაცხადა დანიგანმა.