16 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
საქართველოში "ვეტინგის" ჩატარების მინიმალური საფუძველიც არ არსებობს, "ვეტინგი" ხდება იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სამართლის პოვნა - ანრი ოხანაშვილი

"საქართველოში "ვეტინგის" ჩატარების მინიმალური საფუძველიც არ არსებობს - "ვეტინგი" ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ექსტრემალური სიტუაცია, კორუმპირებულია სისტემა და პრაქტიკულად შეუძლებელია სამართლის პოვნა,"-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის შეფასებითაც აღნიშნული რადიკალური ღონისძიებაა, რომელიც რისკებს ქმნის.

"ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით ალბანეთში შეთანხმდნენ, იქ დაიწყეს ამის ჩატარება, შედეგები ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ვენეციის კომისიამ ამ საკითხზე დაწერა, რომ ალბანეთშიც კი, როცა ამ მოდელით ტარდება "ვეტინგი", ეს არის ყველაზე რადიკალური ღონისძიება, რადგან აღვივებს უნდობლობას ხალხის მხრიდან სასამართლოს მიმართ, ქმნის სასამართლოში დესტაბილიზაციის დიდ რისკს და საბოლოოდ მოსამართლეთა ყურადღება საქმის განხილვის ნაცვლად, გადადის ამ პროცესზე, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკურია.

მინიმალური საფუძველიც არ არსებობს საქართველოში, რომ ვინმემ "ვეტინგზე" ისაუბროს. მექრთამეობის სიმცირით საქართველო ევროპის ათეულშია და მსოფლიოში მე-13 ადგილზე. არავითარი ინდიკატორი არ არსებობს იმის, რომ სისტემა ვერ მუშაობს და სისტემაში ხალხი, თანაც ბევრი სამართალს ვერ პოულობს. ამიტომ ნონსენსია, წარმოუდგენელია ამ საკითხის შემოტანა ქართული მართლმსაჯულების პერსპექტივაში და ვისაც ეს საკითხი შემოაქვს ნიშნავს, რომ არ აქვს განცდა სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და არ იცის, რას ნიშნავს შეკავება - დაბალანსების მექანიზმები ხელისუფლების შტოებს შორის ან იცის, მაგრამ მიზანმიმართულად სურს ამით ქვეყნის და სასამართლოს დისკრედიტაცია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები