27 ივლისი 2024,   04:59
ვრცლად
უცხოური ფინანსები ქართულ პოლიტიკაში - მართველი გუნდი პარტიებთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს

უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის მიზნით, მმართველი გუნდი პარტიებთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყალბი NGO-ების მეშვეობით პარტიები უკანონო შემოწირულობას იღებენ, რაც საარჩევნო წელს საქართველოსთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. "ქართული ოცნება" ყველა დონორსა და საელჩოს მოუწოდებს, რომ პარტიულ ყულაბაში მათი არცერთი ცენტი არ აღმოჩნდეს.

უნდა დაინტერესდეს თუ არა ანტიკორუფციული ბიურო- ვინ რა გზით იღებს დაფინანსებას-მესამე სექტორის უმრავლესობას საკითხზე საუბარი დღეს არ სურს. შემოწმებაში საფრთხეს ვერ ხედავს ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი. ნინო დოლიძისთვის პრობლემა არც პოლიტიკური ძალებისა და ენჯეოების კავშირია.

"ისფედის" ხელმძღვანელის პოზიციის ფონზე სახელისუფლებო პარტიას მასთან და მისი ორგანიზაციის ამჟამინდელ და წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის "სამართლიანი არჩევნები" შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 2020 წლის არჩევნებზე სწორედ "ისფედი" შეეცადა პარალელური ხმის დათვლის გაყალბებული შედეგებით არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ამის გათვალისწინებით სახელისუფლებო პარტიის ლიდერებისთვის უჩვეულო და გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სკანდალის შედეგად გადამდგარი ელენე ნიჟარაძე დღეს ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომელი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის წარსული და ამჟამინდელი გამოცდილება არაერთ მოქმედ პოლიტიკოსს აქვს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზოგ შემთხვევაში კონკრეტული ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან. მაგალითად - გიორგი ვაშაძე ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” დამფუძნებელია, თეონა აქუბარდია საქართველოს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, "ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერი იყო. ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ პარტიული საქმიანობის პარალელურად ენეჯო სექტორშიც დასაქმებული არიან, თუმცა ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ.

არასამთავრობო სექტორის გავლით გაუმჭვირვალე თანხების პარტიების მიერ შესაძლო გამოყენება მმართველი პარტიისთვის სერიოზული დარღვევაა. სახელისუფლებო ძალა შეახსენებს ყველას, რომ უცხოური ფულით ქართული პოლიტიკის ან პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება კონსტიტუციის გვერდის ავლა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი ნაბიჯია.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს ანტიკორუფციული ბიურო პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შემოწმებას.

დღის ამბები