27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ და გავათავისუფლოთ უცხოური გავლენებისგან, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენ არ გვინდა ვასალური დამოკიდებულება - გურამ მაჭარაშვილი

სტრატეგიული პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რა განცხადებებს ვაკეთებთ ჩვენ, "ხალხის ძალა". ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დავიცვათ და გავათავისუფლოთ უცხოური გავლენებისგან. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენ არ გვინდა ვასალური დამოკიდებულება,- ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ხალხის ძალის" ლიდერმა განაცხადა. 

როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, მათი მხრიდან პრევენციული ხასიათის რეაგირების გარეშე, სტრატეგიული პარტნიორი ვერ დაინახავდა და ვერ გაიგებდა, რომ ასეთი საკითხები საქართველოში, მოსახლეობისთვის მიუღებელია. 

"რატომ არ გვაქვს ახლანდელ ელჩთან პრეტენზიები, რომელიც დაახლოებით ნახევარი წელია აქ არის?! ეს იმიტომ, რომ ის ამ ეტაპამდე იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს დიპლომატი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ რომ ეს პრევენციული ხასიათის ნაბიჯები არ გადაგვედგა, ამ შემთხვევაში, მეორე, პარტნიორული მხარე ამას ვერ დაინახავდა, რომ თურმე, აქ ეს მიუღებელია. ამიტომაც იყო ამერიკის ელჩისგან ის პასუხი, რომ ის არის შვილების დედა, ქმრის მეუღლე. სიტყვა დაგვიძრავს დღევანდელი ელჩის განცხადებებთან აკავშირებდათ? - არა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წერილებს და კომენტარებს კარგად სწავლობენ და გაიგებენ ძალიან კარგად. რაც შეეხება ოპოზიციას, აქვე ვიტყვი, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩვენს ქვეყანაზე სხვა ქვეყნის გავლენები ნაკლებად ყოფილიყო და ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის გავლენები საქართველოში გაიზარდოს. ოპოზიცია იბრძვის, რომ სასამართლოზე საელჩოების გავლენები იყოს და საელჩომ შეამოწმოს ვინ მოსამართლე ვარგა და არა. ენჯეო სექტორი, რომელსაც უცხოური სახელმწიფოები აფინანსებენ, იმათ დააკომპლექტონ ტექნიკური მთავრობა და საქართველოს პარლამენტში, ამ ორივემ, ენჯეო სექტორმა და ოპოზიციამ უნდა გვიკარნახოს რა კანონები მივიღოთ და სად არის სუვერენიტეტის სივრცე. ამიტომ ვამბობ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რა განცხადებებს ვაკეთებთ ჩვენ, "ხალხის ძალა". ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავათავისუფლოთ უცხოური გავლენებისგან. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენ არ გვინდა ვასალური დამოკიდებულება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები