16 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ავტოკრატებს, დიქტატორებს, კრიმინალებს, ავის მქნელ კაცებს ხელისუფლების სათავეში უკანა ეზოდან ვერ მოიყვანთ - გიორგი ცაგარეიშვილი ანა ფოტიგას ინიციატივით რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებაზე

ლობიზმის შედეგი, რომელიც ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოში ყველამ იცის, სააკაშვილი დამნაშავეა და არანაირი სამართლებრივი ან ჰუმანიტარული მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც მან საპატიმრო უნდა დატოვოს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე შესწორება დოკუმენტში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით შევიდა.

ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დაფიქსირებულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ.

პოლარიზაციის გაღრმავება - ასე აფასებს ფოტიგას შესწორებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

"შეუძლებელია ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, დანიაში, პოლონეთში კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს და საქართველოში ასევე კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს, ოღონდ - სააკაშვილის გარდა. ევროკავშირი, ერთი ხელით, მიბიძგებს, რომ პოლარიზაცია დავძლიო, მეორე ხელით - აღრმავებს ამ პოლარიზაციას და ეს არის სწორედ პოლარიზაციის გაღრმავება. მათ ხომ კარგად მოეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უსამართლოდ, უკანონოდ, ამორალურად, ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ვნებათაღელვას გამოიწვევს.

ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. აქ არ არის არც მონათმფლობელობა, არც ფეოდალური წყობა, არც პატრონყმობა, რომელიც იყო სააკაშვილის დროს გავრცელებული.

აქ ავტოკრატებს, დიქტატორებს, კრიმინალებს, ავის მქნელ კაცებს ხელისუფლების სათავეში უკანა ეზოდან ვერ მოიყვანთ.

კეზერაშვილები და ათასი ჯურის კრიმინალები, ადეიშვილები და სხვები რომ არიან თავშეფარებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ეს კიდევ ცალკე ტრაგედია და უბედურებაა," - განაცხადა გიოეგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები