"კურიერი" სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს ესაუბრა. სასულიერო პირისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს პრეზიდენტი ახალი პატრიარქის არჩევაზე, ან რატომ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში.
"მე ვერ ვხვდები, ქალბატონი სალომე რაში ხედავს უსუსურობას?! - თუ ვის აირჩევენ, ჯერ ერთი ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რატომ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში?! პრო-ევროპული, პრო-რუსული - ეს პოლიტიკური კატეგორიებია და ჩვენ ასე არ ვაზროვნებთ, ასე არ ვმსჯელობთ. ჩვენთვის მთავარია ქრისტიანული ნორმები, ქრისტიანული ურთიერთობები. როცა 10 მცნება არის და ამის მიხედვით ვმსჯელობთ, არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური კატეგორიები," - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ში, პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ილია მეორემ "ეკლესიის კურსი ძალიან მყარად შეინარჩუნა".
ზურაბიშვილს ჰკითხეს, როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს. "ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რომლის მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც ამ ეკლესიის კურსი ძალიან მყარად შეინარჩუნა. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.