დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები, NATO-ს საკონტაქტო საელჩოების კამპანიის ფარგლებში, რუსთავს ესტუმრნენ და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ.
ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს რუსთავის განვითარების გეგმა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო.
მოგვიანებით, დიპლომატები, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებსაც შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს და რუმინეთის საელჩოების ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით - "მოძრავი საელჩოც" მოეწყო.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ელჩებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ.
"რუსთავის მერიის გუნდს გვქონდა შეხვედრა ელჩებთან. მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც ჩვენმა გუნდმა ორი წლის განმავლობაში განახორციელა. დავათვალიერეთ მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი და ახალ მედიათეკაში გვქონდა ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოსახლეობას აუხსნან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ და ასევე შეასრულონ ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა.
"მოხარული ვარ, რომ NATO-ს საკონტაქტო საელჩოების ღონისძიების ფარგლებში, ჩემს რუმინელ კოლეგებთან და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავს ვეწვიეთ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტს და რუსთავის მერს ამ ღონისძიების ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.
ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგებინოთ და ავუხსნათ მოსახლეობას NATO-ს შესახებ და ასევე შევასრულოთ ის ვალდებულება, რაც ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ- რომ საქართველო ერთ დღეს NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება", -განაცხადა მარკ კლეიტონმა.
საქართველოში რუმინეთის ელჩის, რაზვან როტუნდუს განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანი საზოგადოებისთვის NATO-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა.
"რუსთავში ჩამოვედით ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და NATO-ს ადგილობრივ ოფისთან ერთად, როგორც NATO-ს საკონტაქტო საელჩოები, იმისათვის, რომ მოვახდინოთ NATO-ს პოპულარიზაცია და გადმოვცეთ ამ ალიანსის მესიჯები.
ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა მერთან და სხვა ადამიანებთან. ეს ძალიან კარგი მომენტია ჩვენი საქმიანობისთვის", - განაცხადა რაზვან როტუნდუმ.