მას შემდეგ, რაც ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის უწყების მიმართ კითხვები აქვთ.
"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ჯანდაცვის უწყებას "მავნებლურ სამინისტროს" უწოდებს.
"თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ყველაზე დიდი ზიანი მოუტანეს ამ ქვეყანას. ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, "ქართული ოცნების" პირობებში, იყო ყველაზე მავნებლური სამინისტრო იმ თვალსაზრისით, რომ სექტორი დააბრუნა კომუნიზმში. იქამდე მივიდნენ, რომ ბოლოს საერთოდ მავნებლური კანონების შემოღება დაიწყეს, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ დახმარებოდნენ - დაწყებული სისხლის გადასხმის ფასის აკრძალვით, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ დონაცია გაწიონ კომერციის საფუძველზე. იგივე გააკეთეს ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" წევრმა ვახტანგ სურგულაძემ კი აქცენტი რეფერენტულ ფასებზე გააკეთა, რომლის შემოღებამაც, მისივე თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების "შავი ბაზარი" გააჩინა.
"ამ მინისტრმა ყველა კარგი წამოწყება, რომელიც, იდეაში, კარგი იყო, ჩააგდო. ეს იქნება რეფერენტული ფასები, რომელმაც გააჩინა შავი ბაზარი და გააქრო სააფთიაქო ქსელიდან ხარისხიანი და აშშ-ში დამზადებული მედიკამენტები, ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელზეც ორი კვირის წინ მინისტრი ამტკიცებდა, რომ გამორიცხულია, შენობა მდგრადი არ არის, უნდა დაინგრეს და ყველა ექიმს 3 წლით უშვებდა გაუგებარი მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა - შეიძლება, რომ საავადმყოფომ გააგრძელოს ფუნქციონირება და, პარალელურად, აშენდეს ახალი შენობა,"- აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.