მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება საპატრიარქოზე და პირადად პატრიარქზე, ეკლესიის საქმეებში ჩარევად აღიქვეს. ოფიციალურ განცხადებაში საპატრიარქოს პრეს-სპიკერი წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის კომენტარი არაერთ კითხვას აჩენს. პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი კი, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჩრდილს არა ეკლესიას, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილს აყენებს. საპატრიარქოს ამ პოზიციას მღვდელმთავრებიც იზიარებენ.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პატრიარქზე და საპატრიარქოში არსებულ მმართველობის პრინციპებზე, გუშინ ლონდონში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის ეს პასუხი, ეკლესიაზე და პატრიარქზე თავდასხმად აღიქვეს თბილისში, სახელისუფლებო გუნდში.
ოპოზიციამ ზურაბიშვილის განცხადებაში საპატრიარქოზე თავდასხმა ვერ დაინახა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს უკვირს მხოლოდ ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც თავის დროზე ეკლესია მხარს უჭერდა, რატომ აკრიტიკებს ამჯერად ამ ინსტიტუციას.
ზურაბიშვილის განცხადებას, დღეს, პრემიერიც გამოეხმაურა. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველა ზღვარს გადააბიჯა და იკადრა ის, რასაც ოპოზიციაც კი ვერ ბედავს.
თავად პრეზიდენტს, საკუთარი განცხადება დამატებით აღარ განუმარტავს, ის ლონდონში მთავრობასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა და მონაწილეობა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო.