19 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების შესახებ 10-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი

უკრაინაში რუსეთის აგრესიის 738-ე დღეა. აგრესორის სამიზნე გახდა ხარკოვი და ოდესა. თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის დაღუპვა, 7 კი დაკარგულად ითვლება. ადგილზე მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინამ და ნიდერლანდებმა 10-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ეხება ეხება ტექნოლოგიებს, პოლიტიკასა და ეკონომიკას. ასევე, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროდუქციით.

"ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოებითი შეთანხმება თანამშრომლობის გარანტიებს იძლევა არა მხოლოდ დღეს, არამედ მომდევნო 10 წლისთვის. იგი ეხება როგორც მიწას, ისე ჰაერსა და ზღვას. ეხება ტექნოლოგიებს, პოლიტიკასა და ეკონომიკას. ჩვენ დაინტერესებული ვართ თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროდუქციითაც, რათა ჩვენი თავდაცვის ძალები ეფექტური შეიარაღებით მოვამარაგოთ, ეს კი ჩვენს ხალხს სიმშვიდის განცდას მისცემს,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, 10-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერით ნიდერლანდები ადასტურებს, რომ გრძელვადიანადაა დაინტერესებულები უკრაინის უსაფრთხოებითა და თავისუფლებით.

"წელს 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ჯამში, ეს უკვე 6 მილიარდ ევროზე მეტია. მუდმივად ვაკვირდებით იმას, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინისთვის. ამ 10-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ერთად, ეს კი აჩვენებს, რომ ნიდერლანდებში გრძელვადიანად არიან დაინტერესებულები უკრაინის უსაფრთხოებითა და თავისუფლებით. ცხადია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ მეტი შეიარაღება, ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული,"- განაცხადა მარკ რუტემ.

დღის ამბები