ე.წ. "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" გაშლა გადაწყვიტა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად, 20 პროცენტი, გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.
"სინამდვილეში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი არცერთი პარტია, იქნება ეს "ლელო-ნაციონალები", "გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა. ეს არის ერთიანი, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ." - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.