ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. პარლამენტში კონსულტაციები იწყება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული. კანონპროექტი ორი კვირის ვადაში დაინიცირდება.
ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს. "გირჩში" ამბობენ, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს LGBT პროპაგანდის მსხვერპლობა არ ემუქრება.
"ჩვენ შემოტანილი გვაქვს კანონი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და "ქოცები" არ გვიჭერენ მხარს, რითაც სიტყვა გენდერის, ანტიდისკრიმინაციული კანონის ბოდვა მუხლების და ა.შ. უაზრობების გაუქმება გვაქვს მოთხოვნილი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია.
ჩემი წარმოდგენით, ქართველ ხალხს ამის მიუხედავად LGBT პროპაგანდის მსხვერპლობა მაინც არ ემუქრება. ჩვენ ოდითგანვე მტერმა ვერაფერი ვერ გვიქნა სხვა გზებით, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ, ათასგვარ საცდურს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს და ახლა LGBT პროპაგანდის შედეგად, მე ვერ დავიჯერებ, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.