16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ვაპირებთ ისეთი რამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება დამცავი ნებისმიერი უარყოფითი შედეგისგან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს LGBT პროპაგანდას - მიხეილ სარჯველაძე

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. პარლამენტში კონსულტაციები იწყება.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული. კანონპროექტი ორი კვირის ვადაში დაინიცირდება.

"პრაქტიკულად აღიარებდნენ, რომ უბრალოდ ეშინიათ, რომ ამ დისკუსიაში ჩაერთონ, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის არის დაკავშირებული ბევრ კითხვის ნიშანთან, ბევრ უარყოფით დამოკიდებულებასთან, აქვთ გარკვეული განწყობები და შიშებიც საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება რეგლამენტირება.

ჩვენ ვაპირებთ ისეთი რამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება ერთის მხრივ დამცავი ნებისმიერი უარყოფთი შედეგისგან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს LGBT პროპაგანდას, მეორეს მხრივ - ეს უნდა იყოს ისეთი რეგლამენტაცია, რომელიც არ დაუპირისპირდება ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით.

როგორც ჩანს ამის საწინააღმდეგო აქვს რაღაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას . ისინი ცდილობენ, რომ აირიდონ ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ, რომ ეთაკილებათ მოსახლეობას პირდაპირ უთხრან, რომ რაც მოსახლეობისთვის საინტერესოა, ის მათთვის არ არის საინტერესო. ეს ძალიან მძიმე მოცემულობას განაპირობებს და ასეთი დამოკიდებულებების გამოა, რომ სულ უფრო და უფრო კლებადია ოპოზიციის მიმართ ნდობა საზოგადოებისა", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალას" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციაა LGBT პროპაგანდას დაიცავს, თუმცა ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე ყველა ვნახავთ.

"ადამიანის უფლებები დაცულია ქვეყანაში და ეს კანონმდებლობითაც და პრაქტიკითაც უზრუნველყოფილია. რაც შეეხება LGBT პროპაგანდას, ეს არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესი. საქართველოში ამას არა აქვს არანაირი საფუძველი. მეტიც, აბსოლუტური უმრავლესობა არის ამის წინააღმდეგი. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ახლა ოპოზიციას. თუმცა, მე ახლა რასაც ვხედავ, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია იქნება, რომ ისინი დაიცავენ LGBT პროპაგანდას წინასაარჩევნოდ, ჩვენ დავიცავთ ქართულ ტრადიციებს. შემოდგომაზე მერე ვინ გაიმარჯვებს, ამას ყველა ერთად ვნახავთ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები