16 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ალტერნატივა ვიქნებით როგორც "ქართული ოცნების", ასევე - "ნაციონალური მოძრაობის" - ბაჩო დოლიძე

ოპოზიცია ისევ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, თუმცა ამ დრომდე არ ასაჯაროებს გეგმას, რა კონფიგურაციით, როგორ და ვისთან აპირებს თანამშრომლობას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებამდე ყველა პარტია ემიჯნება, მათ შორის - ყოფილი თავმჯდომარეც.

ნიკა მელიას ჯერ პარტია არ შეუქმნია, თუმცა დღეს მისი ახალი საარჩევნო ნომერი, 4 გაასაჯაროვა, რომელიც ამ დრომდე ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მათი ძალა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა იქნება.

"გადაწყვეტილება მიღებულია, 2024 წლის არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო ნომერი იქნება 4. ახლა დარჩა სასტარტო კონფიგურაციის პრეზენტაცია, თუ ვინ იქნება პარტიაში. ოქტომბრამდე, ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შემოვიერთოთ. ნახავენ დიდ კონტრასტს არსებულსა და ძველს შორის.

ალტერნატივა ვიქნებით როგორც "ქართული ოცნების", ასევე - "ნაციონალური მოძრაობის. არჩევნებამდე, ყველას შეეძლება საკუთარი თავი გაზომოს. კვლევებიც იქნება, ვინ როგორ რეზულტატს ელოდება. როდესაც ვიცი, რომ მე ვიღებ 2%-ს და ეს 2% მიდის "ქართული ოცნების" ყულაბაში, ამ დროს პასუხისმგებლობიანმა პარტიამ, რომელსაც უნდა კარგი ამ ქვეყნისთვის, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის"წევრისთვის, გიორგი ბოტკოველისთვის გაუგებარია, რატომ წავიდნენ ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები პარტიიდან, თუ კვლავ გაერთიანებაზე უნდა ესაუბრათ.

"და სად მიდიოდნენ, თუ ისევ გაერთიანებაზე საუბრობდნენ?! საინტერესო ეს არის. 4 იქნება, თუ 24, რა მნიშვნელობა აქვს, ახალი ხომ არაფერი მოგვისმენია", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებამდე, პარტიებს გაერთიანების სურვილი არ აქვთ, თუმცა არჩევნების შემდეგ ყველა პარტიას მოუწევს კოალიციაში ყოფნა.

"იგებს არა ნომერი, არამედ - საქმე. ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება ან თანამშრომლობის, ან კონკურენციის, მზად ვართ ამისთვის. ერთიანობის ბევრი ფორმულა მომისმენია. თუ ასეთი სურვილი იქნება, მზად ვართ, მაგრამ ვხედავ, რომ, არჩევნებამდე, შეიძლება არ იყოს ამის სურვილი. დაველოდებით არჩევნებს და არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ყველას კოალიციაში ყოფნა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები