სალომე ზურაბიშვილმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.
პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ., მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს.
პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.
პრეზიდენტის შენიშვნებს უკვე იცნობენ პარლამენტში - უმრავლესობა აცხადებს, რომ როგორც აღმოჩნდა, არც სალომე ზურაბიშვილი იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას და პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.
"პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა მოხდა? მან გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ე.წ. 3/5-ის არგუმენტით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს. შესაბამისად, თუ არ არის ამოსავალი წერტილი არც ვენეციის კომისიის დასკვნა და არც ეუთო/ოდირის შესაბამისი რეკომენდაციები, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ ეთანხმება პრეზიდენტის მოსაზრება ე.ი. გადახვევა ყოფილა შესაძლებელი ხომ?
ახლა ოპოზიციას შეგიძლიათ ჰკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ვეტოს პათოსს. თუ ეთანხმებიან ე.ი. ისინი სულ იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უპირობოდ უნდა გავიზიაროთ,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია დიდი ხნის გახდა ცნობილი და მას რადიკალური ოპოზიციის აქტიურ წევრს უწოდებს.
"პრეზიდენტის პოზიცია ხომ უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ნათელი არის. ის არის რადიკალური ოპოზიციის აქტიური წევრი. ჩვენ დავძლევთ ამ ვეტოს, ჩვენი მიზანი არის ერთადერთი რამ, რომ კარგი საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო პროცესი იყოს მაღალორგანიზებულ დონეზე წარმართული. პრეზიდენტის ვეტოშიც მთელი რიგი საკითხები მას სხვანაირად აქვს კიდევ წარმოდგენილი, ანუ თურმე შეიძლება რეკომენდაციის იქითაც შენი ინტერპრეტაციები გქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ერთი დიდი კამპანია, რომელიც ახლა მოუწყვეს ტელე-ფეიკის მეშვეობით ცესკო-ს თავმჯდომარეს, ბულინგი, შეტევა, დაუსაბუთებელი თავდასხმა. ეს არის სწორედ მიმართული იმისკენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოწყვლადი გახადონ,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.