სამომხმარებლო ფასები ანტიპროპაგანდისტული ინიციატივის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ახალ პიარ-სტრატეგიაზე საუბრობს. როგორც სახელისუფლებო გუნდში ითქვა, კონსულტანტ ჯერემი როზნერის დავალებით, ოპოზიციური პარტიის წევრები ლგბტ თემატიკაზე საუბარს ერიდებიან და აქცენტს სამომხმარებლო ფასებზე აკეთებენ.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხად ამბობენ, რომ ფასები აქტუალური პრობლემაა, როზნერზე კი არაფერი სმენიათ.
"არ ვიცი ვინ არის როზნერი და არც მსმენია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის პრობლემებზე, გაზრდილია ფასები, ეს არის რეალობა და სიმართლე. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, დანარჩენი ოპოზიციაც შეიძლება მიხვდა, რომ ეს ნამდვილად აინტერესებს ჩვენ მოსახლეობას და გადაწყვიტეს ამაზე საუბარი," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა დავით ხაჯიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
ენმ-ს ახალი სტრატეგია თვალსაჩინოა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.
"ნამდვილად საინტერესოა "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა, არ შემიძლია არ დავაფასო, კოორდინირებულად მუშაობენ. თავისთავად ეკონომიკურ პრობლემაზე აქცენტის გადატანა სწორია, უბრალოდ, რადგან ახალია მათთვის ეს ჟანრი, ამიტომ რაღაცნაირად ერთნაირად გამოსდის ყველას. მე არ მგონია, რომ სწორ აქცენტებს აკეთებენ, მაინც ახლები არიან ამ თემატიკაში და რაღაცებზე უნდა იმუშაონ. ზოგ შემთხვევაში, მართლა შეიძლება ღიმილის წყარო იყოს," - განაცხადა "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.