"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ახალ პიარ-სტრატეგიაზე საუბრობს. როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, კონსულტანტ ჯერემი როზნერის დავალებით, ოპოზიციური პარტიის წევრები ლგბტ თემატიკაზე საუბარს ერიდებიან და აქცენტს სამომხმარებლო ფასებზე აკეთებენ.
მათი თქმით, სამომხმარებლო ფასებზე საუბრით, ცდილობენ თავი აარიდონ ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე საუბარს.
"ეს არის მათი პიარ-სტრატეგიის ნაწილი, იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, პოპულისტური თემებით ისინი ცდილობენ გადაფარონ ეს საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელზეც ელემენტარული მათი მოსაზრებების მოსმენა გვინდა ჩვენ. ისინი თავს არიდებენ ამ თემაზე - LGBT პროპაგანდის აკრძალვის თემაზე დისკუსიაში შემოსვლას. პრინციპში, ეს რაღაც თვალსაზრისით, მათ პოზიციასაც გამოხატავს," - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს გაურბიან.
"მათმა პიარშიკებმა კარგად დაინახეს, რომ თემა, რომელიც მართლა აწუხებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ამ თემაზე მათი გამიჯვნა იქნებოდა ძალიან წამგებიანი მათთვის, მით უმეტეს მათი აზრების ტირაჟირება, რომელიც ჩვენი ინიციატივის სრულიად საწინააღმდეგოა, იქნებოდა სამმაგად წამგებიანი, ამიტომაც გადაწყვიტეს თემის გადატანა სხვა საკითხზე. ხალხი კარგად ხედავს იმ განსხვავებასაც, რაც არის მათ სოციალურ მდგომარეობას შორის. კარგად ხედავ იმასაც, როგორ გაურბიან ისინი საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს. დღეს საზოგადოებისთვის სოციალურ თემატიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და არანაკლებ მტკივნეულია თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ხვალ, როგორი იქნება ჩვენი შვილების მომავალი და ჩვენი შვილების მომავალი სოციალურთან ერთად არანაკლებად არის დაკავშირებული იმასთან რამდენად ზნეობრივი იქნება საზოგადოება, ჩვენ საზოგადოებაში რამდენად იქნება ტრადიციული ღირებულებები შენარჩუნებული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.