16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება

საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმრავლესობა, პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საარჩევნო კოდექსზე მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინა, კანონმდებლები კენჭს სავარაუდოდ მიმდინარე სასესიო კვირას უყრიან.

11 გვერდიან შენიშვნებში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. ის დეპუტატებს სთავაზობს, შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას, გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ეს არგუმენტები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებებს აცდენილია.

პრეზიდენტის ვეტოს, თითქმის ყველა ოპოზიცია ეთანხმება. ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში, 2 კვირის წინ შევიდა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნას ეწინააღმდეგება, თუმცა, თავად სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნებიც ამ დასკვნას ბოლომდე არ მიჰყვება.

ვეტოს იდეას ოპოზიციის მეორე ნაწილიც იზიარებს, თუმცა, არ ეთანხმებიან მოტივირებული შენიშვნების ყველა პუნქტს. მთავარი პრობლემა მათთვის ისაა, რომ საკითხზე ფართო დისკუსია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არ ყოფილა. მიუღებელია ისიც, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე აღარ ჰყავს, თუმცა, ამ პრობლემის სათავეს ისინი ოპოზიციაში ხედავენ.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას ცდილობს და ამას მისი ვეტოც ადასტურებს. მმართველმა პარტიამ დღეს ისიც თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხედულებები თითქმის ყველა საკითხში ემთხვევა, რაც მათ თანამშრომლობაზე მეტყველებს.

ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვეტოს დადება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია.

სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები კი, პარლამენტმა 20 თებერვალს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა , რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული.

დღის ამბები