16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული", - შალვა პაპუაშვილის პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას დაძლევს. ამისთვის "ოცნებას" ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ეთანხმება, განსაკუთრებით კი მოტივირებული შენიშვნების იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი წერს, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს, გეგმა კი არჩევნების დისკრედიტაციაა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტირება წინსწრებით დაიწყო.

"საარჩევნო კოდექსი სრულად პასუხობს საქართველოს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ვეტო იქნება დაძლეული. ვხედავთ, წინსწრებით დაიწყეს მოქმედი თავმჯდომარის დისკრედიტირება და სწორედ ეს იყო გეგმა. შეექმნათ ისეთი სიტუაცია ეიძულებინათ მოქმედი თავმჯდომარე გადამდგარიყო,რაღაც სხვა ასეთი გარემოება დამდგარიყო, რომ "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე, რაც არის აბსურდი. ვინც მოგვიწოდებს, რომ დავტოვოთ ძველი სისტემა და "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი გახდეს ცესკოს თავმჯდომარე ეს ადამიანები ან ვერ ერკვევიან საკითხში, ან არიან ბოროტი განზრახვის მქონე ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები