16 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ოპოზიციამ უნიჭო პიარსვლას მიმართა - საუბრობენ პროდუქტის ფასებზე, რითაც თითქოს თავს არიდებენ ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის აუცილებლობაზე საუბარს - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველის  მოადგილე დავით მათიკაშვილი, სოციალურ ქსელში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს აქვეყნებს და წერს, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე სწრაფად შემცირება შეძლო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ასევე, როგორც მათიკაშვილი წერს, ოპოზიციის მხრიდან, ახლა იმაზე საუბარი, რომ თითქოს საქართველოში პროდუქტის ფასები გაიზარდა, მცდელობაა, თავი აარიდონ "ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის აუცილებლობაზე საუბარს":

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2021-2023 წლების საშუალო ინფლაციით საქართველო ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით შუა პოზიციას იკავებდა, თუმცა, 2023 წელს საქართველომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე სწრაფად შემცირება შეძლო და პირველ ადგილას გადაინაცვლა.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის და მისი მავნე ზემოქმედებისგან დაცვის თაობაზე, ჯერ რამდენიმე დღე აბსოლუტური სიჩუმე იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან პატრონებისგან ელოდებოდნენ გარკვეულ მითითებებს. შემდეგ კი, უნიჭო პიარ-სვლას მიმართეს - საუბრობენ პროდუქტის ფასებზე, რითაც თითქოს თავს არიდებენ ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის აუცილებლობაზე საუბარს და ამ მდაბიო პიარული ხერხით ცდილობენ აღნიშნული თემის გადაფარვას.

პირველ რიგში, „ნაცმოძრაობისგან“ ვერ მივიღებთ სოციალურ თემებზე საუბარს, იმიტომ რომ მათ დროს თუ რამე ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფერი ხდებოდა ცუდი და ცუდზე უარესი, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით.

მაგრამ, ქართული საზოგადოებისთვის ამ თემასთან დაკავშირებითაც შევიტანთ სიცხადეს და გავცემთ პასუხს.

ცნობილი გამონათქვამია: „ციფრები ამბობენ ყველაფერს“.

გლობალური ტენდენციების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შექმნილმა კრიზისმა, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომმა, ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე იქონია გავლენა, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები ცხადყოფს, თუ სად არის საქართველო ინფლაციის და შესაბამისად, პროდუქტის ფასების დონით და სად არიან სხვა კანდიდატი ქვეყნები.

კანდიდატი ქვეყნების საშუალო წლიური ინფლაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ასე გამოიყურება:

საქართველო - 2.4 %

კოსოვო - 4.7 %

ალბანეთი - 4.8 %

მოლდოვა და უკრაინა კი, 13,3 და 17,7 %-ით ბოლო ადგილებს ინაწილებენ.

ეს არის რეალობა, ხოლო რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, არის წარმოუდგენლად კარგი შედეგი.

რაც შეეხება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მცდელობებს, გადაფაროს ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი თემა, რაც ლგბტ პროპაგანდისგან და მისი მავნე ზემოქმედებისგან დაცვას უკავშირდება, მათ ეს არ გამოუვათ არც ერთი თემის წამოწევის ხარჯზე," - წერს დავით მათიკაშვილი. 

დღის ამბები