ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ მათი გვერდის ავლა არ მოხდეს, როგორც ჩანს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით, იმედოვნებს, რომ სათანადო განმარტებები გაკეთდება.
"როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს.
თუკი რაიმე არის ანტიევროპული პროპაგანდისა თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკებისა, რომლებიც თავისი დაუდევრობით, და იმედია განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები; ან თავისი განზრახულობით და საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობით ხვდება საქართველოს მხრიდან დასანქცირებულ ადამიანს.
ზურაბ ადეიშვილს, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი, ის არის არა უბრალოდ პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ საქართველოს სტანდარტით დასანქცირებული ადამიანი და როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის ხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი.
ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოთ, რომ მათი გვერდის ავლა არ მოხდეს, როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ამჯერად პირისპირ შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან - საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი კოპმანს უკრაინის დელეგაციასთან ერთად ხვდება.