16 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
მარტის აქციებიდან ერთი წლისთავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა, მომზადებულია ინფორმაციული შტურმების მიმართ და ასეთი ძალადობა აღარასდროს განმეორდება - პაპუაშვილი

"ჩვენ, ფაქტობრივად, შარშან, მარტში ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როცა თეთრზე გვეუბნებოდნენ შავს. ამაში მათ შორის ჩაერთნენ უცხოელი აქტორები, ზოგიერთი შეიძლება, სიშავეში ვერ დაარწმუნეს, მაგრამ რაღაც რუხი ფერები დაანახეს თითქოს,"-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ გასულ წლის მარტში აჯანყდნენ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას.

"გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს, დარწმუნდა, რომ სინამდვილეში რაც მოხდა, მაშინ იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას. მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. გავიდა ერთი წელი და ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა ქართული საზოგადოება. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებსა და ორგანიზაციებზე, იმ სქემებზე, როგორ ფინანსდებიან, ვხედავთ დონორების აღიარებას, რომ პარტიები არ უნდა ფინანსდებოდეს, ეს არის შედეგი, რომელსაც მიაღწია ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით, რომ საბოლოო გაერკვა მაშინ საკითხებში. რეალურად, ჩვენ ერთი წლის თავზე უფრო დიდი შედეგი გვაქვს, ვიდრე ეს შეიძლება, დამდგარიყო კანონის მიღების შემთხვევაში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასული წლის მარტში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროპის სახელით ძალადობდა.

"პირველად, საქართველოს ისტორიაში "მოლოტოვის კოქტეილით" წვავდნენ ადამიანს, ეს მოხდა პირველად და ეს მოხდა ევროპის სახელით. ეს არის ანტიევროპული განწყობების გაღვივება, როცა ვხედავთ, რომ ხდება გმირად აღიარება მათი, ვინც წვავდა ადამიანებს, მანქანებს პარლამენტთან, ეს არის ის, რასაც უნდა გაემიჯნოს ყველა ჭეშმარიტი ევროპელი. ეს ძალადობა არ უნდა იქნას გაიგივებული ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენი ქართული გამოცდილება, მათ შორის აქციისა და პროტესტისა არის სულ სხვა. ჩვენ ყველა ვამაყობთ იმით, რომ აქციების დროს ერთი შუშა არ ჩამტვრეულა და ერთი ხის ტოტი არ მომტვრეულა და აღმოჩნდა, რომ ევროპის სახელით "მოლოტოვის კოქტეილები" დაგვიშინეს. ერთი წლის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა, მომზადებულია ასეთი ინფორმაციული შტურმების მიმართ და მეორე, ასეთი ძალადობა აღარასდროს განმეორდება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები