ეკონომიკის მინისტრმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად ახალქალაქის ჰიდრო ელექტრო სადგური დაათვალიერა. ეს ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივი პროექტია. ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია.
ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონი დოლარია. მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
ისლანდიის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის განცხადებით, მისთვის, როგორც ისლანდიელისთვის, ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ იზიარებს საქართველო ისლანდიის გამოცდილებას.
"ჩემთვის დიდი პატივია ახალქალაქში ვიზიტი და საკუთარი თვალით საქართველოსა და ისლანდიის ურთიერთთანამშრომლობის შედეგის ხილვა. ჩემთვის როგორც ისლანდიელისთვის სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ საქართველო იზიარებს ისლანდიის გამოცდილებას ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ეს ჰიდროელექტროსადგური გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა", - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით,პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი საკითხები ძალიან კარგად იყო განხორციელებული.
"პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო, სოციალური პასუხისმგებლობის ქვეშ, განხორციელდა რეგიონისთვის. პროექტის ფარგლებში ძალიან კარგად იყო გარემოსდაცვითი საკითხები განხორციელებული. ეს არის წარმატებული მაგალითი, რომელიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, ქვეყანაში განსაკუთრებით წარმატებით ხორციელდებოდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.